შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“. კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე არიან გადამზადებული, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაევალათ.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. ბუკლეტში მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი - „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გააცნეს, თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. მათ ინფორმაცია მიაწოდეს მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს ასევე განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და თანამშრომლობა სამართალდამცველებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.