შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, წარმატებით გაიარა წინასაფინალო შეხვედრები და ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გამარჯვებულ სპორტსმენს თბილისის საერთშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები, გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.
„რიო 2016-ზე“, საქართველოს სახელით, სპორტის 13 სახეობაში 39 სპორტსმენი ასპარეზობს. ქართველმა ძიუდოისტებმა რიოში გამოსვლა უკვე დაასრულეს. ყველაზე მრავალრიცხოვანი ძიუდოს ნაკრები იყო, რომლის შემადგენლობაში შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებიც იყვნენ.
შსს-ს ძიუდოს კლუბი - "მებრძოლი", დაცვის პოლიციის მხარდაჭერით, 2014 წლიდან არსებობს. კლუბმა 2 წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.