შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პროექტის „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი 2014-2015 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდებოდა. იგი მიზნად ისახავდა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზითა და სათანადო პირობების შექმნით, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელმა ფსიქოლოგიური, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებებსა და პირველადი დახმარების საკითხებზე ტრენინგები გაიარა. მოწვეული ბრიტანელი ექსპერტის - ჯეიმს მერდოკის რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა დროებითი მოთავსების იზოლატორების სპეციალური სამოქმედო პროცედურები, დაკავებულთათვის უსაფრთხო გარემო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული პირობები შეიქმნა, ჩატარდა ტრენინგები სამართალდამცველებისთვის დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე.