საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელგიის ფედერალური პოლიციის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანს „საქართველოს მთავრობასა და ბელგიის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტზე ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვა წარმოადგენდა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს შეთანხმების ტექსტი და მისი დებულებები შეაჯერეს. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შეთანხმება ხელმოსაწერად მომზადდება. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.