შსს-ს არქივს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექსჰუმაციის პროექტის უფროსი, პროფესორი კრზიშტოფ შვაგრზიკი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის არქივის დირექტორი, დოქტორი რაფალ ლესკივიჩი და ექსჰუმაციისა და დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი – ლუკაშ შლეშკოვსკი ეწვივნენ. დელეგაციის წევრები შსს-ს აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილსა და შსს-ს არქივის დირექტორ ომარ თუშურაშვილს შეხვდნენ. შსს-ს არქივსა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინტიტუტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ვიზიტები საქართველოსა და პოლონეთში.
ვიზიტის მიზანია საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში დახვრეტილი და რეპრესირებული ქართველი მოქალაქეების იდენტიფიცირების, ექსჰუმაციის, დნმ-ის ანალიზის და საფლავების მოძიების საკითხებში პოლონელ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარება, რაც საქართველოს მოქალაქეების რეპრესირებული წინაპრების საფლავების მოძიების და იდენტიფიცირების სამუშაოებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და უფრო ეფექტურს გახდის. საბჭოთა პერიოდის საქართველოში 1930-1940-იან წლებში ათასობით ადამიანი იყო რეპრესირებული. შსს-ს არქივის აღრიცხვით, 1921-1956 წლის ჩათვლით 17 472 ადამიანი დახვრიტეს. მათი უმრავლესობის საფლავების კონკრეტული ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია.
შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის დელეგაციის წევრებმა შსს-ს აკადემიაში ექსჰუმაციის, დნმ-ის ანალიზის და საფლავების მოძიების საკითხებზე ლექცია ჩაატარეს. პოლონელ მეცნიერთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სამი დღე გაგრძელდება.