ოკუპაციის მუზეუმში შსს-ს არქივის მიერ, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე მომზადებული მონოგრაფიის - „მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ - პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ - დირექტორი თომას შრაპელი, ისტორიკოსები, მკვლევარები, რეპრესირებულთა შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
აღნიშნული წიგნის მიზანია საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის - გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალების გასაჯაროება. მონოგრაფიის მეშვეობით, მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა ხელმისაწვდომი გახდება.