შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ხარაგაულის სატყეო უბნის ტყისმცველი ვაჟა წიქარიშვილი და მისი მეგობარი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში მცხოვრები დავით პ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა წიქარიშვილმა მოქალაქეს 20 კუბური მეტრი მურყნის ჯიშის სამასალე მორების ყოველგვარი საბუთის და შესაბამისი ბილეთის გარეშე მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 500 ლარი, ხოლო ვაჟა წიქარიშვილის მეგობარმა დავით პ-მ ზემოაღნიშნული სამასალე ხის უკანონო ჭრასა და სამასალე მორებად დამზადებაში 3000 ლარი მოითხოვა.
შეთანხმებისამებრ, დავით პ-მ უკანონოდ დაამზადა 6 კუბური მეტრი მურყნის ჯიშის სამასალე მორები, რის სანაცვლოდაც მოქალაქეს გამოართვა 1000 ლარი, საიდანაც 900 ლარი მასალის უკანონოდ მოპოვების საფასური იყო, ხოლო 100 ლარი – ვაჟა წიქარიშვილისთვის გადასაცემი. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, ის მისატანი იქნებოდა შეპირებული მასალის ბოლომდე დამზადებისა და ტყიდან გამოტანის შემდეგ.
სამართალდამცველებმა ვაჟა წიქარიშვილი და დავით პ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ამოღებულია მათ მიერ ტყეში უკანონოდ მოპოვებული 6 კუბური მეტრი მურყნის სამასალე მორები.
გამოძიება ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარების და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.