შსს-ს აკადემიაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ორგანიზებით, კიბერდანაშაულის საკითხებზე რეგიონალური ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. სწავლებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შსს-ს აკადემიის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ამავე დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები და სომხეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები. ტრენინგს ავსტრიელი ექსპერტები უძღვებიან. სწავლების მიზანია კიბერდანაშაულის საკითხებზე მომუშავე გამომძიებლებისა და ექსპერტების შესაძლებლობების განვითარება და რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება. ტრენინგი შსს-ს აკადემიაში ორ დღეს გაგრძელდება.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციას საქართველო 2012 წელს შეურთდა. ამავე წელს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო შეიქმნა. შსს-ს აკადემიაში შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-მოდულები, რომელიც მოიცავს კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ელექტრონული მტკიცებულებების ჩხრეკა-ამოღება, კიბერდანაშაულის საგამოძიებო ტექნიკა, კიბერდანაშაულის სამართლებრივი ასპექტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგები და სწავლებები სისტემატურად ტარდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტი – საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2013-2015 წლების სტრატეგია.