შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
უწყებებმა სხდომაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს. აღინიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულება ეფექტურად მიმდინარეობს და შეინიშნება კლების აშკარა ტენდენცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბერში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მაჩვენებელი, წინა თვეების მსგავსად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ნოემბრის თვეში საზღვარზე ე.წ. „ბიონარკოტიკი“-ს უკანონო შემოტანის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სახელმწიფო კომისიის სხდომაზე სათანადო ყურადღება დაეთმო საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მეორე ყოველკვარტალური ანგარიშის პროექტის განხილვას. ანგარიშის პროექტი მომზადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, კომისიის საქმიანობაში ჩართული უწყებების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. კანონის მოთხოვნათა დაცვით, ანგარიში ექვემდებარება გამოქვეყნებას შსს-ს ოფიციალურ საიტზე, ნარკოპოლიტიკის ვებ-გვერდზე, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფო კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის წინაშე კომისიის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.
სახელმწიფო კომისიის სხდომაზე აგრეთვე განიხილეს გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) 2013 წლის კითხვარი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ და, სხდომაში მონაწილე უწყებებთან შეთანხმებით, განისაზღვრა სამომავლო გეგმები საქართველოს მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი მოვალეობების უკეთ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. კომისიის წევრებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილეს 2015 წლის აპრილში დაგეგმილი კონფერენცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების თემატიკაზე, რომლის ორგანიზებას განახორციელებს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის ევროპული მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) და უმასპინძლებს საქართველო. სახელმწიფო კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათაშორისი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მორიგ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები შეაჯამეს.