შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, 1940 წელს დაბადებული ნუგზარ მ. თბილისში, დიდუბის რაიონში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ნუგზარ მ-ს პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 8 ვაზნით, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას - კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 740 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).