2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა. კერძოდ, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა გამოვლენაზე, დაკავებასა და ქვეყნიდან გაძევებაზე.
აღნიშნული კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 ივლისამდე დადგინდა საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ქვეყანაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ უფლება ქვეყნის დატოვების გარეშე მიეღოთ ქვეყანაში კანონიერი ყოფნის საფუძვლები.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, შესაბამის უწყებებთან ერთად, პერმანენტულად ახორციელებდა უცხოელი მოქალაქეების ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეწესრიგებინათ დოკუმენტაცია საქართველოდან გაუსვლელად.
2015 წლის 1 ივლისიდან, კანონის სრული ამოქმედების შემდგომ, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, გამოავლინა სხვადასხვა ქვეყნის 3 მოქალაქე: უზბეკეთის მოქალაქე ე.ტ. (დაბ.16.12.1971 წელს), ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ.ქ. (დაბ.26.02.1966 წელს) და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ო.ჯ.ჯ. (დაბ.02.10.1988 წელს), რომლებიც საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო უზბეკეთის მოქალაქე ე.ტ-ს საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე. მას ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის 20 დღიანი ვადა მიეცა. ე.ტ-მ არ გამოიყენა აღნიშნული უფლება, რის გამოც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა მისი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაძევების პროცედურა იძულებით აღასრულა. აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლა 5 წლის ვადით აეკრძალა.
დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ.ქ. საქართველოში იყო ნასამართლევი და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მისი არაუმეტეს 3 თვის ვადით მოთავსების თაობაზე. შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება ჰ.დ.ქ-ს საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე. მას ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის მიეცა 10 დღიანი ვადა. აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა 5 წლის ვადით.
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ო.ჯ.ჯ-სთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მისი არაუმეტეს 3 თვის ვადით მოთავსების თაობაზე, ხოლო შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან ნიგერიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე. ო.ჯ.ჯ-ს ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის მიეცა 10 დღიანი ვადა.