შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების და ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბათუმსა და ქობულეთის რაიონში ერთდროულად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გოჩა კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული მურმან ვ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ირაკლი ქ. და მურმან ვ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო გოჩა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ქარხნული წარმოების რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმებით, ირაკლი ქ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება გოჩა კ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მურმან ვ-ს და ირაკლი ქ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).