შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული ჰალდუმ ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, საქონლის ფერმის ჩხრეკისას, ჰალდუმ ს-ს მიერ გადამალული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 527 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის და „აკ-74“-ის მოდელის არარეგისტრირებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი და 1 კონდახი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).