შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღოონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას - 1933 წელს დაბადებულ ც.მ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).