შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი: 1982 წელს დაბადებული გელა მ, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მანუჩარ ჯ. და 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე საოფისე ფართი იქირავეს, შემდეგ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვითომდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის მიზნით, დაარეგისტრირეს შპს „ამერიქან მოტორსი“. თაღლითური დაჯგუფების წევრებმა ინტერნეტ საიტ „myauto.ge“-ზე განათავსეს განცხადებები, თითქოსდა სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომანქანების ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას ახდენდნენ, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის და მოქალაქეების მოზიდვის მიზნით, სპეციალურად მოაწყეს ოფისი, სადაც აფორმებდნენ ხელშეკრულებებს ავტომანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებს ამერიკიდან და ევროპიდან მანქანები არ გამოუწერიათ და არც შეუკვეთიათ. ბრალდებულებმა 19 მოქალაქეს კომპანიის ანგარიშზე მოტყუებით გადაარიცხინეს სხვადასხვა ოდენობის თანხა და თაღლითურად დაეუფლნენ. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის რაოდენობამ საერთო ჯამში 267 000 აშშ დოლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა შპს „ამერიქან მოტორსი“-ს ოფისის, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკისას სხვადასხვა დოკუმენტაცია, კომპიუტერები, თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი: 31200 აშშ დოლარი, 5900 ევრო და თაღლითურად მოპოვებული ფულით შეძენილი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).