შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს, რის შედეგადაც თბილისსა და ზესტაფონში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით 10 პირი: 1986 წელს დაბადებული რევაზ ბ, 1986 წელს დაბადებული ნუგზარ ჯ, 1980 წელს დაბადებული ალექსანდრე ღ, 1990 წელს დაბადებული დავით ბ, 1988 წელს დაბადებული დავით ყ, 1981 წელს დაბადებული ალექსანდრე კ, 1988 წელს დაბადებული ერეკლე მ, 1988 წელს დაბადებული ლევან ა, 1985 წელს დაბადებული გურამ ჩ. და 1975 წელს დაბადებული დავით კ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარ ავტომანქანებს მოიძიებდნენ, თითქოსდა მათი შეკეთების მიზნით, შემდეგ მათ საკუთარ სახელზე არეგისტრირებდნენ. აღნიშნული ავტომანქანების „ვინკოდები“ და სახელმწიფო სანომრე ნიშნები იგივე მარკისა და ფერის, ექსპლუატაციისთვის ვარგის სხვა ავტომანქანებზე თაღლითურად გადაჰქონდათ, რის შემდეგაც გაყალბებულ „ვინკოდიან“ ავტომანქანებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში გირავნობით ტვირთავდნენ, რითიც ამ ორგანიზაციებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ფული, ყალბი „ვინკოდები“ და სახელმწიფო სანომრე ნიშნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).