შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში მცხოვრები მამა-შვილი, 1964 წელს დაბადებული სეირან ჰ. და 1989 წელს დაბადებული ვალოდია ჰ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 აპრილს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკასთან ახლოს მდებარე მარაბდა-კარწახის მშენებარე სარკინიგზო მაგისტრალიდან 156 ცალი რელსის გადასაბმელი და სხვა მასალები მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოპარული სარკინიგზო მასალების საერთო ღირებულება დაახლოებით 6000 ლარს შეადგენს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით).