საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი თამარ ჭანტურია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ჭანტურიამ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს მშენებლობის კოეფიციენტის მაქსიმალურად გაზრდის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო მისგან 10 000 აშშ დოლარი.
გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.