შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და სოფელ ფონიჭალაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. და 1993 წელს დაბადებული ა.გ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ვ.გ.-ს და ა.გ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).