შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი: 1968 წელს დაბადებული თამარ წ., 1980 წელს დაბადებული ლაშა ა. და 1987 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს, ხოლო 2 წევრი: 1950 წელს დაბადებული ელენე ქ. და 1997 წელს დაბადებული თეო ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სხვადასხვა დროს, ოფიციალური სანოტარო აქტების გაყალბების შედეგად, 4 მოქალაქის კუთვნილ 6 ბინასა და მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლებები თაღლითურად მოიპოვეს.
საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა ჯამში 2 130 110 ლარი შეადგინა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.