მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა პ., რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები.
პოლიციამ, შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „ბიო“ ამოიღო.
პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. „ბიო“ ჰქონდა გადაყლაპული.
ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.
რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მიმდინარე წლის 29 მარტს შოთა პ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.
შოთა პ. ანალოგიური დანაშაულისთვის 2016 წელსაც იყო დაკავებული.
პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა.