შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული სამსონ ჯ. და 1965 წელს დაბადებული ელზა კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ელზა კ. მოქალაქე ოლია შ-ს 18 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდა. ელზა კ-მ, თავისი ახლობლის - სამსონ ჯ-ს დახმარებით, ოლია შ-ს ერთ-ერთ ბანკში წინასწარ ჩაარიცხვინა ვიზის მიღებისთვის აუცილებელი აპლიკაციის შესავსებად საჭირო ოფიციალური გადასახადი - 336 ლარი. მან ქალბატონს ასევე დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოლია შ-ს ანაზღაურება 770 ლარს შეადგენდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სამსონ ჯ-მ, ასევე ყალბი ვიზის მისაღებად, მოქალაქე სოფიკო ჩ-ს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება 870 ლარს შეადგენდა.
ასევე დადგინდა, რომ ელზა კ. მოქალაქე იამზე კ-ს პოლონეთის ყალბი ვიზის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ დაუმზადა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა და მისი ყოველთვიური სარგო თვეში 770 ლარს შეადგენდა. ელზა კ-მ ასევე დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა მოქალაქე ქეთევან ღ-ს სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელს იმავე კერძო კომპანიაში ოპერატორის პოზიცია ეკავა და მისი ყოველთვიური სარგო 950 ლარს შეადგენდა. ელზა კ-მ აღნიშნული ყალბი ცნობები სამსახურის შესახებ პოლონეთის საელჩოში წარსადგენად დაამზადა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამსონ ჯ-მ და ელზა კ-მ ცნობებში თავად გააყალბეს ხელმოწერები. სამართალდამცველებმა სამსონ ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ელზა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 29 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო. დანაშაულში მხილებული ორივე პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).