შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზაზა ბ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნიღბიანი, ცივი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებას აპირებდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანა, „ეფ 1“-ის ტიპის ხელყუმბარა, შავი ტყავის ხელთათმანები და სამედიცინო პირბადე ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის მომზადების (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).