შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ზაალ ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაალ ი-ს თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე გადამალული ჰქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“-ს 304 აბი და ნატეხები, რაც ექსპერტიზის დასკვნით 2,4797 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს და 49 კაფსულა „ლირიკა“, რაც ექსპერტიზის დასკვნით 7,35 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს შეიცავს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 11 კაფსულა ,,ლირიკა“ ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 3,3 გრ პრეგაბალინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმისა და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 261-ე მუხლით).