შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ტოფიკ ს. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 50,2533 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ასევე, მეტამფეტამინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტოფიკ ს-მ ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).