შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სამი საწარმო გამოავლინეს და დალუქეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ საწარმოებში ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალს – "ბორჯომსა" და "ლიკანს" აწარმოებდნენ.
სამართალდამცველებმა საწარმოებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 4650 ბოთლი ფალსიფიცირებული მინერალური წყალი, ასევე, 1423 ბოთლის საცობი, 550 "ბორჯომი"-ს ეტიკეტიანი ცელოფანი, 3 ცალი 200 ლიტრიანი პლასტმასის ავზი მინერალური წყლით, მინერალური წყლის ჩამოსასხმელი 4 დანადგარი, 1 ჟანგბადის ბალონი, გაზიანი წყლის დასამზადებელი სპეციალური აპარატი, 3 დამხმარე ხელსაწყო და პოლიეთილენის შესაფუთი კუსტარული დანადგარი ამოიღეს.
გამოძიება ფალსიფიკაციის და ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 197-ე პრიმა მუხლით და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).