შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ნარიმან მ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზში, ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ სახლში, მეუღლე - 1951 წელს დაბადებული სამარგანდ მ. საკუთარი ორლულიანი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. სამარგანდ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მხილებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით გულმკერდის არეში თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი ნარიმან მ. მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 11- პრიმა 108-ე მუხლით) .