შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, ამერიკის მოქალაქე გიორგი მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული გიორგი ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ-მ გიორგი მ-სგან ახალი ნარკოტიკული საშუალება „ენ-8“ შეიძინა. სამართალდამცველებმა გიორგი მ-ს დედის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ენ-8“-ის 15 ფირფიტა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,12 გრ ბუპრენორფინს შეიცავს, ხოლო გიორგი ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია გიორგი მ-სგან შეძენილი 1 ფირფიტა, რომელიც 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ამერიკიდან დედასთან სტუმრად ჩამოსული გიორგი მ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.
ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი მ-ს ბუპრენორფინის, ხოლო გიორგი ხ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება გიორგი მ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოხმარებისა და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით), ხოლო გიორგი ხ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).