აშშ-ს საელჩომ საქართველოში ტრადიციულ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა, რომელშიც შს სამინისტროსა და საელჩოს საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.
მატჩს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ადამ ლამორო და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მატჩის დაწყებამდე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ ლამორომ, წარმატებული თანამშრომლობისთვის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, მთავარი პროკურატურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
„დღევანდელი ამხანაგური თამაში შსს-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მეორე წელია იმართება.