შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებს შსს-ს აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამა წარუდგინა და მათ აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა და მიზანი გააცნო. აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, რადგან ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე.
შს მინისტრის მოადგილემ „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ აკადემიას მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. აღნიშნული პროგრამა უფასოა და მასზე ის სტუდენტები მიიღებიან, რომელთაც აქვთ სამართლის ბაკალავრის დიპლომი და გავლილი აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
„საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.
შს მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზეც, რომ სამართლის ბაკალავრებს, რომლებიც შსს-ს აკადემიაში უფასო სამაგისტრო ორწლიან პროგრამას გაივლიან, სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმების რეალური პერსპექტივაც ექნებათ. შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამის წლევანდელ კურსზე განცხადებების მიღება 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
შს მინისტრის მოადგილის მიერ სამაგისტრო პროგრამის წარდგენის დასრულების შემდეგ აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა ჟურნალისტებისთვის ტური გამართა, რომლის დროსაც მათ შს აკადემიის ინფრასტრუქტურა – საკონფერენციო დარბაზი, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.