შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა სასტუმრო „რედისონში“ გახსნეს სემინარი „ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი“. სემინარი აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება. გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბიტაძე, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, კონტრტერორისტული ცენტრის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, აგრეთვე სხვა სამთავრობო უწყებათა ხელმძღვანელი პირები და წამორმადგენლები.
ხუთდღიანი უწყებათშორისი სემინარი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციონირებას, ხოლო მომდევნო დღეების განმავლობაში, ამერიკელი ექსპერტების დახმარებით, სამუშაო ჯგუფების ფორმატში იმუშავებენ სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნაზე.
ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით აშენდა და 2014 წლის ივნისში ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სივრცეში ნებისმიერი სახის კანონდარღვევის, ინციდენტების, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და პრევენცია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას.