2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2014“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
2014 წელს ინოვაციური, ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონკურსი „მე-ომბუდსმენი“ მეხუთედ გაიმართა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე გუნდმა (1500 მოსწავლე) მიიღო მონაწილეობა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
არჩილ თალაკვაძე ღონისძიებაზე მიწვეული იყო როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც წლების წინ კონკურსის „მე-ომბუდსმენი“-ს იდეა და პროექტი შეიმუშავა და ევროკავშირის მხარდაჭერით დააფუძნა.
პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები (hp), მეორე ადგილზე გასულებმა - პლანშეტური კომპიუტერები (iPad Air) და მესამე ადგილზე გასულებმა მინი პლანშეტური კომპიუტერები (iPad mini). ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ კი სამახსოვროდ სერტიფიკატები და საკანცელარიო ნივთებით სავსე ზურგჩანთები მიიღო.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.