შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სწორად წარმართულმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიამ - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და არასამთავრობო სექტორთან ეფექტიანმა თანამშრომლობამ, ასევე, დიპლომატიური კორპუსის აქტიურმა ხელშეწყობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. შს სამინისტრო, თავის მხრივ, გამჭვირვალობისა და ჩართულობის კუთხით უპრეცედენტო იყო. ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი პასუხისმგებელი უწყებაა და ჩვენს კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ ამ სფეროს განვითარებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო ამაღლებისთვის. შემდეგი ეტაპია ვიდეოჯარიმების ახალი სისტემა და ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომლის ამოქმედებაც 1 ნოემბრიდან იგეგმება. ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ არის ის, რომ უკვე 3-წლიან პერსპექტივაში, ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრირება უნდა განახორციელონ ტექნოლოგიებმა, ხოლო საპატრულო პოლიციის როლი მთლიანად კრიმინალის პრევენციის მიმართულებით უნდა განვითარდეს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით განხორციელებული პროექტები. შსს მეორე წელია, ახორციელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-სოციალური კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამავე პროგრამის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არაერთი ეფექტიანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარიუშ მაშკიევიჩი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ლუკას ბეგლინგერი, ასევე, თბილისის მოქმედი მერი - დავით ნარმანია და ახლადარჩეული მერი - კახი კალაძე, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სპეციალურად ამ დღისთვის, კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები.
ღონისძიების მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შვეიცარიისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება, ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის საზოგადოებისთვის გაცნობა და უცხოელი ექსპერტებისგან კვალიფიციური რეკომენდაციების მიღება.
კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა თემატური სემინარი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების, კანონმდებლობისა და აღსრულების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების, საგზაო უსაფრთხოების გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ჯანდაცვის ასპექტების შესახებ. ღონისძიებაზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომელიც სხვადასხვა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას დაეგზავნება.