შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შს სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ - პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი - ომარ თუშურაშვილი, თბილისის საჯარო სკოლების ისტორიის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე, პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თემატური ბლოკიდან „უახლესი ისტორია“ საკითხები შეარჩიეს. თითოეული მათგანი, შსს-ს არქივის თანამშრომლების მხარდაჭერით, შერჩეულ თემაზე ინდივიდუალურად იმუშავებს.
საპილოტე პროექტში პირველ ეტაპზე 5 ჯგუფი მონაწილეობს. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებულია არა უმეტეს 5 წევრისგან. კონკურსის წესით გამოვლინდება სამი ფინალისტი, თითოეულ ჯგუფს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები, ხოლო 3 გამარჯვებული ჯგუფი შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდება. გამარჯვებული ნაშრომი დაიბეჭდება შსს-ს არქივის ჟურნალში - „საარქივო მოამბე“.
პროექტის მიზანია შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება; ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.