შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პროექტ "უსაფრთხო ქალაქი"-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილე მათ დანაშაულის პრევენციის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე ესაუბრა. შემდგომ მან სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რასაც მოჰყვა დისკუსია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმებზე, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის და ტრეფიკინგის, ასევე, სამინისტროს მედიასთან ურთიერთობაზე, ანგარიშვალდებულებასა და სამინისტროს მიერ ინიცირებულ კამპანიებზე.
შეხვედრაში თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის იურიდიული, ჰუმანიტარული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა, მედიცინის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.