„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
იცით, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ოფიციალურად 2013 წლის თებერვალში გადმოეცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია მისი წარმატებით შესრულებისთვის. ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი. ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 %-მდე სწორედ შსს-ზე მოდიოდა, მათ შორის, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალური მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს, რომ ეს ვალდებულებები წარმატებით შესრულებულიყო.
მათ განსაკუთრებულად ვულოცავ ამ შედეგს.
ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიღება.
ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც, ამავდროულად, ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომელიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრება, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან.
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პირს, მაღალი ალბათობით, არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე-კონტროლიორი ამის თაობაზე მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს.
ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შსს მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა.
ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რათა საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვავლინოთ და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია პროაქტიულად მივაწოდოთ.
აქვე შევნიშნავ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 7300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან, 95 პროცენტი დაკმაყოფილდა, რაც მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე, პოლიციის ატაშეების დონეზე.
ევროპელ პარტნიორებთან საერთშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ისტორიული შეთანხმება საქართველოს შსს-სა და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
გილოცავთ კიდევ ერთხელ და მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის!
გისურვებთ წარმატებებს!“