შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ფ.ა. ფონიჭალაში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა "ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირებზე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცაველებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან - სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.