შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო. მისი მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულის მიმართულებით გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
სპეციალიზაციის ინტენსიურ კურსს სახალხო დამცველის მოადგილე, ფსიქოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ საკითხებს: ოჯახში ძალადობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, დაზარალებულისა და მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტები, ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, მოწმეებსა და მოძალადესთან ურთიერთობის/გამოკითხვის ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი ასპექტები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის საკითხის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მსხვერპლებისთვის არსებული სერვისები, დისკრიმინაციის ან/და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და ოჯახური დანაშაულების გამოძიების თავისებურებები.
პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის განმავლობაში მოხდება იმ ტერიტორიული ერთეულების გამომძიებელთა სპეციალიზაცია, სადაც ყველაზე მაღალია ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი. სპეციალიზაციის კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საგამოძიებო სტრუქტურას ეტაპობრივად მოიცავს.
კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.