შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკული კურსი დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა ავტომობილსა და ავტობუსზე, ხოლო მეორე ეტაპი - მატარებელსა და თვითმფრინავზე იერიშის სიმულაციურ წვრთნებს.
კურსის ძირითადი ამოცანა იყო ტერორისტის ამოცნობა და მისი გაუვნებელყოფა, ასევე, პირადი შემადგენლობის ვერტმფრენით გადაყვანა დანაშაულის ადგილამდე და ევაკუაცია დანაშაულის ადგილიდან.
აღნიშნული სწავლება, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმაც გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.