საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლობით განხორციელდა.
ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს და სხვადასხვა ამპლუა მოირგეს. პატარა "პოლიციელებმა", "მეხანძრე-მაშველებმა", "ექიმებმა" და სხვა პროფესიების წარმომადგენლებმა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის შესახებ დაგროვილი ცოდნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუზიარეს. პატრულ-ინსპექტორებმა კი პატარებს გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.
ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეკითხვებიც დაუსვეს, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. ღონისძიების დასასრულს, პატრულ-ინსპექტორებმა და ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, ბავშვებსა და მოზარდებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებენ. პროექტის მიზანია გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ავტოავარიების პრევენცია.