საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS), შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 40 სხვადასხვა სახეობის სამაშველო და სამძებრო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი კლოდ-ანდრე ნადონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინე მაჭავარიანი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თეიმურაზ მღებრიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 7 მაღალი გამავლობის მანქანა “პიკაპი”, 3 ყველგანმავალი “კვადროციკლი”, 3 დრონი, თხილამურებისა და სათხილამურო აღჭურვილობის 40 და სამძებრო აღჭურვილობის 12 ერთეული კომპლექტი გადასცა. აღნიშნული დახმარება გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ, ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი.
2023 წლიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს. დაგეგმილია ინციდენტების მართვის სისტემების განვითარება, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება, ასევე ხელი შეეწყობა სამაშველო სამსახურის დაახლოებას ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან. ახალი სასწავლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო აამაღლებს მეხანძრე-მაშველების ცოდნასა და უნარებს, ასევე ხელს შეუწყობს კარგად მომზადებული მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერას პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში, უწევს. აღნიშნული პროექტი UNOPS-ის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება.