შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, თავის მოადგილე გიორგი გაზდელიანთან ერთად, საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნულ კონსულ ადელ ჰინოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
კონსულმა სააგენტოს დირექტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საგანგებო სიტუაციებში ისრაელის მოქალაქეებისათვის აღმოჩენილი არაერთი დახმარებისთვის საქართველოში ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსის განსაკუთრებული მადლობა გადასცა. ზვიად ქაწაშვილი ისრაელის კონსულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.
მხარეებმა განიხილეს ის პრევენციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებში საქართველოსა და ისრაელის მოსახლეობის უსაფრთხოების ამაღლებას. მხარეებმა საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სამომავლოდ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშწყობისთვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.