საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 3 ძირითადი მიმართულებით: საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა და დონორთა კოორდინაცია.
ანგარიშში მოყვანილია ზემოხსენებული 3 მიმართულებით განხორციელებული ძირითადი მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიცირებითა თუ ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა შემდეგი 5 ძირითადი მიმართულებით:
• დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა;
• საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა;
• საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა;
• მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება;
• რეადმისია
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში საქართველომ სულ 23 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა, რომელთაგან თითქმის ნახევარი (12) დადებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
გარდა ამისა, 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ აგრეთვე ინიცირებული და ხელმოწერილი იქნა 3 მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად მოიმატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა
(მაგ. 2006 და 2007 წლებში შსს-ს გაფორმებული აქვს სულ 4 შეთანხმება:
2008 წელს – 0;
2009 წ – 1 შეთანხმება;
2010 წ – 4 შეთანხმება,
2010 და 2011 წლებში – სულ 18 შეთანხმება,
ხოლო მხოლოდ 2013 წელს – 15 შეთანხმება).
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს რეფორმებზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის დამყარების გზით, რაც გულისხმობს ევროპული გამოცდილების გაზიარებას სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული კანონმდებლობის რეფორმისთვის, ექსპერტთა/სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისა და სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას შსს–ს სტრუქტურული ერთეულებისათვის.
რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით, 2013 წლის მანძილზე, მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე აქტივობა:
• სუამ-ის ფარგლებში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფი;
• მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე;
• შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში (BSEC) შემუშავდა რეგიონალური სამოქმედო გეგმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო და ინიცირებული აქვს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი, მათ შორის აღსანიშნავია მონაწილეობა „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავებაში. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი 2013 წლის 4 ოქტომბერს მიიღო.
საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წესებისა და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, 2013 წლის გაზაფხულზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა შეიმუშავა „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი მიიღო 2013 წლის 4 ოქტომბერს;
დაიწყო მუშაობა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროექტზე;
2013 წლის მარტის თვეში შემუშავდა საბაზისო ტრენინგ-მოდულები კორუფციაზე;
დეპარტამენტი ასევე აქტიურად იყო ჩართული არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის დებულებისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიგრაციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურის შემუშავებაში. მოძიებულ იქნა ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლის მიხედვითაც დაპროექტდა არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრი.
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ევროკავშირისა და ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე შსს-ს კომპეტენციის ფარგლებში.
2013 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP); VLAP -ის გათვალისწინებულ ვალდებულებებს შორის აღსანიშნავია სამართალდაცვით სფეროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის საკითხების დარეგულირება. ამ მიზნისთვის შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინაციით სამინისტროში შეიქმნა შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ პროექტი, რომელიც ეყრდნობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ითვალისწინებს „პოლიციის სფეროში პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 17 სექტემბრის № R(87)15 რეკომენდაციით დადგენილ სტანდარტებს;
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ასევე აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცდა 2013 წლის 2 ოქტომბერს.
დეპარტამენტის უშუალო კოორდინაციით შემუშავდა კიბერდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ციფრული მტკიცებულებების გამოყენების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. ასევე შემუშავდა სპეციალური ტრენინგ მოდულები კომპიუტერულ დანაშაულთან ბრძოლის პრობლემურ საკითხებზე. შემუშავების პროცესშია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო სამართლის ტრენინგ კურსები.
2013 წლის ივნისში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროგრესის გაცნობის მიზნით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ – სამართალდამცავი უწყებების როლი“. აღნიშნული კონფერენცია დაფინანსდა ევროკავშირის ფონდებიდან (TAIEX; IOM). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 ქვეყნის შსს-ს წარმომადგენლებმა და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა.
2013 წლის 9-11 ოქტომბერს განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისიის ვიზიტი, რომლიც მიზანიც იყო VLAP-ის პირველი და მეორე ბლოკებით (დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და მიგრაცია) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასება; მისიის დასკვნის თანახმად, საქართველომ წარმატებით შეასრულა პირველი და მეორე ბლოკით გათვალისწინებული ვალდებულებები;
მესამე ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმების გაფორმების მიზნით, მოლაპარაკებების ინიცირებისთვის, შემუშავდა შეთანხმების სამოდელო ტექსტი, რომელიც გადის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს და დიპლომატიური არხების მეშვეობით მიეწოდა შემდეგ ქვეყნებს: ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბელორუსის რესპუბლიკა, ინდოეთი, პაკისტანი და შრი-ლანკა. მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების პროექტი მზად არის ხელმოწერისთვის მოლდოვას რესპუბლიკასა და დანიის სამეფოსთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერბეთთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან;
ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2013 წლის 6-9 სექტემბერს ბათუმში „საპორტო ვიზიტით“ ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი 2-ის 3 ხომალდის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიზიტით (რაც მიზნად ისახავს ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას) ნატო-ს გემები საქართველო–ნატო-ს პარტნიორობის ისტორიის მანძილზე პირველად იმყოფებოდნენ საქართველოში. გემებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს შსს-ს სანაპირო დაცვის, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად.
2013 წლის მარტსა და მაისში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შს მინისტრის ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში, სადაც ჩატარდა შეხვედრები ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და ნატო-ს მაღალი დონის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ევროკავშირის საშინაო საქმეებში უმაღლეს კომისართან, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის უმაღლეს კომისართან, ბელგიის შს მინისტრთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გენერალური მდივნის თანაშემწეებთან.
ასევე განხორციელდა შს მინისტრის ორმხრივი ვიზიტები და შეხვედრები მის კოლეგებთან: აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, აშშ-ში, ბელგიაში, ავსტრიაში, თურქეთში, საფრანგეთში, ბელორუსში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.
დონორთა კოორდინაციის კუთხით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ინიცირებასა და კოორდინირებას უწევს სამინისტროში მიმდინარე პროექტებს საზღვრის მართვის, მიგრაციის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა მიმართულებებით.
2012-2013 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იყო და მიმდინარეა 19 პროექტი, რომელთა ფარგლებში მოზიდული თანხების ჯამი 26 309 994 ევროსა და 25 062 750 აშშ დოლარს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე 2010-2011 წლებში დაფინანსებული პროექტებით მოზიდული თანხები.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ასევე კოორდინირებას უწევს შსს-ს თანამშრომელთათვის სპეციალიზირებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს სამართალდამცავ სფეროში სხვადასხვა მიმართულებით (კიბერდანაშაული, არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი, ტერორიზმი და სხვა). 2013 წელს სპეციალიზირებული ტრენინგებით/სასწავლო ვიზიტებით მომზადება გაიარა შსს-ს 1682 თანამშრომელმა (რაც ასევე წარმოადგენს გადამზადებული თანამშრომლების გაზრდილი რაოდენობის მაჩვენებელს, შედარებისთვის: 2012 წელს გადამზადდა 1390 თანამშრომელი; 2011 წელს – 811 თანამშრომელი, ხოლო 2010 წელს – 540 თანამშრომელი).
2013 წელს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების TAIEX–ის ინსტრუმენტის ფარგლებში 6 ღონისძიება განახორციელა (სასწავლო ვიზიტი, კონფერენცია, ექსპერტთა ვიზიტი).