შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინიაციატივით, 2015 წლის 20 მაისიდან სტარტი აიღო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გუნდებს შორის საგაზაფხულო ტურნირმა მინი-ფეხბურთში. ტურნირი მიზნად ისახავს სამინისტროს სისტემაში ფეხბურთის, როგორც სპორტის სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას, ასევე სამინისტროს თანამშრომლებს შორის ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას.
ტურნირი წრიული სისტემით ტარდება და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 ქვედანაყოფი იღებს მონაწილეობას. ტურნირის მსაჯობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი, ფიფა-ს ფუტზალის არბიტრები ახორციელებენ.
ფინალური თამაში 29 ივნისს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს შინაგან საქმეთა სამინისტროს თასი, საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრებს – შსს-ს მედლები და სიგელები გადაეცემათ. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მეკარე.