შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დეპარტამენტების დირექტორები შეიცვალნენ.
პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.