შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ინიცირებული გლობალური კამპანიის - „არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“ - ფარგლებში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
ვაქცინაციის პროცესს პირადად დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - კემლინ ფურლი, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძემ უმასპინძლა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
ცენტრის ბენეფიციარებს სპეციალურად ვაქცინაციის მოძრავ ამბულატორიაში სხადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინით ნებაყოფლობით ჩაუტარდათ აცრა. მოძრავი ამბულატორია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი და უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის, ასევე შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
ვაქცინაციის გლობალური კამპანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს გენერალური მდივნის - ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. მისი მიზანია ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა.