შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, კიდევ ერთი, დასკვნითი საზოგადოებრივი ღონისძიება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე გაიმართა. კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ქუთაისი ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვასილ პეტრიაშვილი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ზაზა ცხაკაია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.
კამპანიის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებსაც ათასობით ადამიანი, მათ შორის მოზარდები სტუმრობდნენ.
ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში გასცნობოდა აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას, ასევე, შეეძლოთ აღჭურვილობა და სპეცტექნიკა დაეთვალიერებინათ. ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიებების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლების 50-მდე ვიზიტი განხორციელდა სხვადასხვა სკოლაში. მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება. შეხვედრების მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.