კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მეორე დღეა მიმდინარეობს.
ადგილზე მისული სტუმრები ეცნობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. ასევე, მათ შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
მოზარდები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.
სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლები სტუმრობენ სკოლებს. მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.