შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ამჯერად, პატრულ-ინსპექტორები დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის საჯარო სკოლას ეწვივნენ და დაწყებითი კლასების 25-მდე მოსწავლეს საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
სამართალდამცველებმა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და მოზარდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხეს.
მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ შეხვედრაზე შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, რეალურ გარემოში გამოსცადეს.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.