2018 წლის 12 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა მოქალაქე მ.გ.-ს შეტყობინება სოფელ ლამბალოდან მისი 17 წლის შვილის - ჰ.მ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ.
არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, გამოძიების დაწყების დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. პოლიციას აქტიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან.